istoriuli soflebi  
  
 
 

vardisubani

ნასოფლარი ისტორიულ ჯავახეთში (ახლანდ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი).

მდებარეობს ხანჩალის ტბის დასავლეთით სოფ. დლივსა (ახლანდ. დილიფი) და ნასოფლარ კურიდადეშს შორის. ვარდისუბანში, შემაღლებულ ადგილას, გალავანშემოვლებული ეკლესიის ბუდეა, მის ირგვლივ - გვიანი შუა საუკუნეების საფლავის ქვები. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” (1595) მიხედვით, ვარდისუბანი დიდი სოფელი იყო, 39 კომლი მოსახლით. აქ ცხოვრობდნენ: აბრამ ზეინკლის შვილი, იასონ შერვანის ძე, რამაზა ძე მისი, მახარებელ იონას ძე, გოგიჩა ძმა მისი, გოგიჩა აბესალომის ძე, ივანე ძმა მისი, პეტრე ძე მისი, სახელად ელიაზარ, ვარძელ ძმა მისი, სულა იორდანეს ძე, მოსე ძმა მისი და სხვ.. მათ მოყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელის თესლი; ჰქონიათ ბოსტნები; ჰყავდათ ღორი, ცხვარი, ფუტკარი; სოფელს ჰქონდა ერთი თვალი წისქვილი სრული წლით, მეორე კი - გაპარტახებული. მოსახლეთა სიას ახლავს მინაწერი: „საყანე მიწა ჩაირითურთ მელქიზედექ აზნაურისა, აწ ჰაჯიყულის ძის მუჰამედის მფლობელობაში (მყოფი), სასამართლოს განაჩენის თანახმად ყუშურსა და გამოსაღებს იძლევა”, ამ სოფლის გადასახადი წლიურად 19000 ახჩა იყო.

1704–1705 წლებში ვარდისუბანი ეკუთვნოდა ქანარბელის ნაჰიეს ჩილდირის ლივაში, იგი ექვემდებარებოდა ვინმე უსუფს და მისი წლიური გადასახადი უკვე 11000-მდე ახჩას უდრიდა, რაც სოფლის მოსახლეობის შემცირებაზე მეტყველებს. XIX საუკუნის 30-იან წლებში ის გავერანებულ ნასოფლარებშია ჩამოთვლილი.


მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995